თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრაკონიერების მიერ უკანონოდ მოპოვებული თევზის ჯამურმა ოდენობამ 139 კგ-ს გადააჭარბა.
უწყების ცნობით, დარღვევებიდან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრაკონიერები ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი.
უწყების ცნობით, სამ თვეში გამოვლენილია სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 38 და ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.