თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პეკინში გაემგზავრა, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
კერძოდ, დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭოუ ჰაიბინთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
საქართველო და ჩინეთი
ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდდოლარს გადააჭარბა, რაც 20,7%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).