საქართველოში კიდევ ერთი ეროვნული პარკი გაჩნდება

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰექტარ ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია, „ეგრისის ეროვნული პარკი“ შეიქმნება - შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰექტარ ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება. კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.
ეგრისის ეროვნული პარკისთვის განსაზღვრული ტერიტორია კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხვი მეზოფილური, მნიშვნელოვანწილად რელიქტური და ენდემური ფლორა.
როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, ეროვნული პარკის დაარსებიდან სამ წელიწადში განხორციელდება მისი დემარკაცია, რომლის შედეგად დაზუსტდება ეროვნული პარკის საზღვარი და დარეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოს 94 დაცული ტერიტორიაა, რომელთაგან 15 ეროვნული პარკია - ნაკრძალებს ყოველწლიურად ასობით ათასი ტურისტი სტუმრობს. 2026 წლის დასაწყისის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი ჯამში 927,748 ჰექტარს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რაც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67%-ს შეადგენს.