თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების საკითხი ამჟამად პრიორიტეტული არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
აღნიშნული განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმის ფარგლებში გააკეთა.
„მოლაპარაკებების განახლების თემა ახლა ჩვენი დღის წესრიგის ნომერ პირველი პრიორიტეტი არ გახლავთ“, — აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვი დადებითად აფასებს მოლაპარაკებების სტამბულის ფორმატში დაბრუნების იდეას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მოლაპარაკებებს თავს არავის არ ახვევს და ყოველთვის იქიდან გამომდინარე მოქმედებდა, რომ თუ პარტნიორი მზად არის, „მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება".
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი თავს არ არიდებს დიალოგს და მზადაა განიხილოს შესაბამისი მოთხოვნა მისი მიღებისთანავე.
„როდესაც ვინმე ამისთვის მომწიფდება, წინადადებებით მოგვმართონ. ჩვენ კი ვნახავთ, რამდენად მისაღები იქნება შემოთავაზებული ვადები, ადგილი და დღის წესრიგი“, — განაცხადა ლავროვმა.
წელს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა, აშშ-ის მონაწილეობით, მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. პირველი ორი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს გაიმართა. მესამე შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. ყველა შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გამართულა. კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვიც და კიევიც ვაშინგტონთან დიალოგს საკუთარი არხებით აგრძელებენ.