საქართველოდან 53 არალეგალი გააძევეს

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე გააძევეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნიდან გაძევებულია კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
შსს-ს ინფორმაციით, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.
ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობაც გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.