თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები - ეს და სხვა თემები განიხილეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელმა დარენ ბიტმა.
შეხვედრა ვაშინგტონში მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურისა ინფორმაციით, გივი მიქანაძემ დარენ ბიტს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო ფულბრაიტის პროგრამას და მისი გაფართოების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ პროგრამა კარგ შესაძლებლობას ქმნის ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და შეძენილი ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
„ხაზი გაესვა ქართული და ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამების მნიშვნელობას, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
მანამდე მიქანაძე სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე. მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობის გაფართოება პრიორიტეტად მიაჩნია.
მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები გააცნო.
ECOSOC-ის ახალგაზრდული ფორუმი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრებს, ახალგაზრდა დელეგატებსა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ღონისძიება მოიცავდა პლენარულ და თემატურ სამუშაო სესიებს, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა საკითხზე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.
ახალგაზრდული ფორუმის 2026 წლის თემაა — „ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“.
ფორუმში 100-მდე ქვეყნის ახალგაზრდობის მინისტრი, სფეროს ლიდერი და ახალგაზრდა დელეგატი მონაწილეობდა.