სამხრეთ კავკასია და ახალი პოლიტიკა: პრემიერის განცხადება ანტალიის ფორუმზე

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი თურქეთში იმართება. წლევანდელი ფორუმის თემაა "ხვალინდელი დღის დაგეგმვა, გაურკვევლობების მართვა".
Sputnik
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი დიპლომატიურ გადაწყვეტილებებსა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ რეგიონულ სტაბილურობას, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობასაც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა ანტალიის მეხუთე დიპლომატიურ ფორუმზე, რომელიც იმართება სლოგანით "ხვალინდელი დღის დაგეგმვა, გაურკვევლობების მართვა".
„სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია: რეგიონს ბევრი, სპეციფიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა - ვკონცენტრირდით დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არამხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენს სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა და მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს ამ მაგალითით.
„უნდა ვაშენოთ ხიდები და არა დავწვათ. ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა და ამ შემთხვევაში დიპლომატიის როლი ბევრად უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია.
„ყველა სახელმწიფო ყურადღებას უნდა ამახვილებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. დღეს არსებული ვითარება აჩვენებს, რომ უხეში პოლიტიკური ინტერესები დიპლომატიაზე ძლიერია, რაც უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოს 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე უწევდა არსებობა, ბევრი იმპერია უკვე აღარ არსებობს, თუმცა საქართველომ გადარჩენა შეძლო. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან, საქართველოს ბევრი შეცდომაც აქვს დაშვებული, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო.
„თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი 17-19 აპრილს თურქეთში იმართება. წლევანდელი ფორუმის თემაა "ხვალინდელი დღის დაგეგმვა, გაურკვევლობების მართვა". ორგანიზატორთა თქმით, ფორუმი ფოკუსირებული იქნება გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ძალთა ბალანსის ცვლილება, მრავალმხრივი მექანიზმების კრიზისი და საერთაშორისო ურთიერთქმედების მეტად მდგრადი მოდელის მოძიება.
ფორუმზე ტრადიციულად შეიკრიბნენ ქვეყნების ლიდერები, დიპლომატები, პოლიტიკის განმსაზღვრელები, აკადემიური წრეების, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.