თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები გამოიფინა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
გამოფენა „ფიროსმანი“, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევარია წარმოედგენილი, 14 აპრილს გაიხსნა.
როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნეს, მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.
გუშინ ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
"სასიხარულოა, რომ დასრულდა ეროვნული გალერეის ტექნიკური აღჭურვა. გამოწვევები სრულად დაძლეულია. ჩვენი მიზანია, გვქონდეს გამართული ინფრასტრუქურა, რათა ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული.კულტურის სამინისტრო მზად არის, ყოველთვის იყოს იმ პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც ჩვენს საგანძურზე ზრუნვას ემსახურება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.