ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა

მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებულმა Basisbank-მა Liberty Bank-ი შეისყიდა, ნათქვამია Basisbank-ის გვერდზე გავრცელებულკ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის აგვისტოში მოიწონა ჩინური კომპანია Hualing Group-ის საკუთრებაში არსებული Basisbank-ის ქვეყნის სისტემურ ბანკ Liberty Bank-თან შერწყმის შესაძლებლობა. კონცენტრაციის ფარგლებში, "ბაზისბანკი" გეგმავდა "ლიბერთი ბანკის" აქციების 95,99%-ის შეძენას.
"ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95,99% - ის მფლობელი გახდა", - აღნიშლია ინფორმაციაში.
ბაზის ბანკში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.
"ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ, რომელიც ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.
რაც შეეხება ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს, ის დარწმუნებულია რომ აღნიშული ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ქვეყნის ეკონომიკას.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.
მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.
2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.
ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. ამჟამად ბანკი არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით.