ფარისევლობა თუ სტრატეგია? საქართველოში ოპოზიციისა და ეკლესიის ირგვლივ კამათი გრძელდება

პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის შესახებ გამართულმა მორიგმა დისკუსიამ 2026 წლის 15 აპრილს ოპოზიციის წინაშე არსებული სტრატეგიული გამოწვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
Sputnik
თბილისი, 15 აპრ – Sputnik. თინა ბოკუჩავას განცხადება არის ფარისევლობის გამოვლინება, რადგანაც ეკლესიის მრავალწლიანი კრიტიკის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მის, როგორც პოლიტიკური მოედნის გამოყენებას, საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მანამდე ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ერთიანი გზავნილი აკლია და ის არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ „უღმერთო და ურწმუნო“ არ არის. მისი თქმით, ეკლესია მოედანია, რომელზეც ოპოზიცია უნდა შევიდეს, რათა მოახდინოს მორწმუნეებთან თავისი კავშირის დემონსტრირება.
„კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - განაცხადა წილოსანმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ეკლესიასთან და არც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ პარტიის წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და კათოლიკოს-პატრიარქს.
პოლიტიკაში ეკლესიის როლის თემა რეგულარულად იწვევს დისკუსიებს საზოგადოებაში. ამასთან, ეკლესია ტრადიციულად ითვლება ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტად და მოსახლეობის მაღალი ნდობით სარგებლობს.
„ოპოზიციის ალიანსი"
მარტის დასაწყისში ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის განზრახვის თაობაზე განაცხადა. ახალ გაერთიანებაში შევიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" და „თავისუფლების მოედანი“.
დამფუძნებლების განცხადებით, ალიანსის მიზანი „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გარშემოც ალიანსი შეიქმნა, ფაქტობრივად, აგრძელებს ძველებურად მოქმედებას და მუშაობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელისუფლება ამ ძალებს „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს და მათ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.