თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს აქვს საკმარისი რესურსები -ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი არიან, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საზაფხულო შეხვედრებზე დასასწრებად იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის", - განაცხადა თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.
თურნავამ განაცხადა, რომ მიმდინარე მწვავე გაურკვევლობასა და გლობალურ ეკონომიკაზე მის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით დიალოგი უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქართველომ სათანადოდ დაგეგმოს თავისი შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.
„მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს”, - დასძინა თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ვაშინგტონში 13-18 მაისს იმართება. ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.
მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.