თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური კუთხით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცინცაძის თქმით, კეთილდღეობის ინდექსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ამას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ს შეადგენს, რაც ამ ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ინვესტიციები და მიმზიდველი ბიზნეს-გარემო დადებითად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე.
„საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტრაექტორია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო და ქვეყნის ეკონომიკა უფრო მიმზიდველი გავხადოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
2026 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8,8%, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ კი 8,4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.