თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. მტკიცება იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს ბრიუსელის ინიციატივით გაიყინა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში უპასუხა - მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის" მოთხოვნით მივიდა.
„ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია! პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა გაიხსენა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ გერჩინსკიმ ჯერ კიდევ 2024 წლის 9 ივლისს გააჟღერა ევროპის საბჭოს 27 ივნისის გადაწყვეტილება - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო შეჩერებული.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბევრ საკითხში საქართველო „ბევრად უფრო ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის წყალობით, დღეს საქართველო „უფრო დემოკრატიული და თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფოა, ვიდრე 2012 წელს იყო“.
„2014 წლიდან საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიას გაუჭირდა და მოუწია ამ პროგრესის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწადნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე", - განაცხადა ბოჭრიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ საკითხებით მუდმივი მანიპულირება იმ პროცესს აზიანებს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე იღებს ევროკავშირის საბჭო და არა კანდიდატი ქვეყანა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.