უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირს ავტორიზაცია მოეთხოვება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან, ავტორიზაციის პროცესი გაიარონ და ავტორიზაცია მოიპოვონ.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების განხორციელება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
„საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული შესაბამისი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია საბაზო ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღნიშნული ცვლილებით, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.
ინიციატივით განისაზღვრება, რომ იმ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას საქართველოში, ამ კანონის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ ავტორიზაციის მოპოვება.