ასოციაცია: მსოფლიოში ხორბლის მარაგი გაიზარდა

გლობალური მოხმარების შემცირება მარაგების ზრდასთან ერთად ქმნის ჭარბ მიწოდებას, რამაც საქართველოში ფქვილის ფასების მკვეთრი რყევა უნდა შეაჩეროს.
Sputnik
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) ხორბლის გლობალური მარაგების შეფასება გაზარდა, იუწყება საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია.
ასოციაციის ცნობით, მიმდინარე სეზონის გლობალური ხორბლის მარაგის შეფასება კიდევ 1,5 მილიონი ტონით გაიზარდა და 1.103,2 მილიონ ტონას მიაღწია, რაც მარტის პროგნოზთან შედარებით, განპირობებულია რუსეთში მარაგების ზრდით - 0,8 მილიონი ტონით და ევროკავშირში -1,11 მილიონი ტონით.
ამასთან, ასოციაციის ცნობით, გლობალური მოხმარების პროგნოზი 4,7 მილიონი ტონით შემცირდა და 820,1 მილიონი ტონა შეადგინა. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია ინდოეთში საკვების, თესლისა და სამრეწველო გადამუშავებისთვის ხორბლის მოხმარების შემცირებით..
„ინდოეთის მთავრობის ხორბლის მარაგების მონაცემები მოსალოდნელზე მაღალი იყო, რაც შიდა მოხმარების შემცირებას გულისხმობს. რუსეთის ხორბლის მოხმარების შეფასება უცვლელი დარჩა 41,7 მილიონ ტონაზე, რაც გასულ სეზონთან შედარებით 1,7 მილიონი ტონით მეტია", - განაცხადეს ასოციაციაში.
რაც შეეხება გლობალური ხორბლის ექსპორტის პროგნოზს, ასოციაციის ინფორმაციით, გლობალური ხორბლის ექსპორტის პროგნოზი 6,2 მილიონი ტონით გაიზარდა და 283,1 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასულ სეზონზე 24 მილიონი ტონით მეტია.
„პროგნოზის ზრდაზე გავლენა იქონია ინდოეთის, უკრაინის, ევროკავშირის, ავსტრალიისა და ბანგლადეშის შეფასებების გადახედვამ. სეზონის ბოლომდე რუსეთს 14,99 მილიონი ტონა ხორბალი დარჩება, რაც მარტის პროგნოზზე (15,19 მილიონი ტონა) ნაკლებია, მაგრამ გასული სეზონის პროგნოზზე (10,59 მილიონი ტონა) მეტია", - იუწყება ასოციაცია.
იანვარ-თებერვალში საქართველოში ხორბლის და მესლინის იმპორტი გაიზარდა და 12,2 მლნ დოლარი (48,666 ტონა) შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ ორ თვეში ხორბლის იმპორტი 10,1 მლნ აშშ დოლარი (41,821 ტონა) იყო.
საქართველოსთვის ხორბლის ძირითად იმპორტიორ ქვეყნად კვლავ რუსეთი რჩება — 10,6 მილიონი დოლარი, შემდეგ მოდის ყაზახეთი (1,5 მლნ დოლარი). წელს ხორბლის მცირედი იმპორტი დაფიქსირდა ბელარუსიდან და თურქეთიდან.
საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 78%, რუსეთიდან შემოდის, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი მომწოდებელია, მათ შორის მარცვლეულის.