პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“.
„ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთაგან ორ პირს, საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბურები, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდნენ”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.