სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ რამდენიმე მუნიციუპალიტეტი დააზარალა

გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.
ინტენსიური წვიმის შედეგად ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის სოფლებში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურსა და ქვემო ნაშოვარში.
„დაგვეტბორა სახლები, ეზოები და მოსავალი. სათბურები სულ წყალშია. გაგვინადგურდა ყველაფერი. ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის, მაგრამ დავრჩით არაფრის გარეშე, არ ვიცით, რა იქნება”, - განაცხადა სოფლის მკვიდრმა ჟურნალისტებთან.
სტიქიის ზონაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიიმყოფებიან. მათი თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სამაშველო სამსახურთან ერთად აქტიურად მიმდინარებს.