წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
Sputnik
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik.წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, მაცხოვრის საფლავის ტაძრიდან საქართველოში ღამით სპეციალური დელეგაცია ჩამოაბრძანებს.
იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის საფლავის ეკლესია, სადაც ყოველწლიურად, აღდგომის წინა დღეს, წმინდა ცეცხლი გადმოდის, იმ ადგილას არის აშენებული, სადაც ჯვარს აცვეს, დაკრძალეს და აღსდგა იესო ქრისტე.
ათ საუკუნეზე მეტი ხანი წმინდა ცეცხლი კუბუკლიაში აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს გადმოდის. ის მაცხოვრის აღდგომის ხელთუქმნელი ნათელის სიმბოლოს წარმოადგენს.
წელს არსებული შეზღუდვების გამო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ტრადიციულად დაესწრებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას და ისინი თავად ჩამოიტანენ მას საქართველოში.
ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
ცეცხლი ლიტანიობის დროს ინთება — განსაკუთრებული ლოცვის, რომელსაც იერუსალიმის პატრიარქი აღავლენს. პატრიარქი სამჯერ შემოუვლის ეკლესიის ცენტრში მდებარე კუბუკლიის გარშემო. შემდეგ ის შედის ქრისტეს საფლავზე მდებარე სამლოცველოში, სადაც ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.