ერთადერთი უსაფრთხო მარშრუტი? საქართველო ფსონს „შუა დერეფანზე“ დებს

ავტომაგისტრალების მშენებლობის ხუთჯერ გაზრდილი ტემპის და ანაკლიის პორტში სამუშაოების განახლების ფონზე, საქართველო საკუთარ თავს გადაზიდვების სტაბილურობის მთავარ გარანტად პოზიციონირებს
Sputnik
თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევს შუა დერეფნის საკვანძო რგოლად, რომელიც ყველაზე უსაფრთხო მარშრუტად ითვლება, და აპირებს თავისი მზარდი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს გავლით ტრანზიტს განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკურ განვითარებაში ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. ამის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამჟამად ხორციელდება მასშტაბური პროექტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს, და ასევე ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც რუსეთამდე მიდის.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია, სუეცის არხი არაა სანდო დერეფანი. ერთადერთი უსაფრთხო კორიდორი რჩება შუა დერეფანი და ასჯერ არის ამის მნიშვნელობა გაზრდილი ყველასთვის. შესაბამისად, ჩვენ ამით მაქსიმალურად ვისარგებლებთ და ტვირთბრუნვის გაზრდილი რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობისთვის მაღალი რისკის ზონად რჩება იემენის ჰუსიტების აქტივობის გამო, რომლებიც დრონებისა და რაკეტების გამოყენებით წითელი ზღვის სამხრეთ შესასვლელს (ბაბ ელ-მანდების სრუტე) ბლოკავენ, რაც გემებს აიძულებს, კეთილი იმედის კონცხის გარშემო გაიარონ გზა. დაბომბვის მუდმივმა საფრთხემ, არხის სანავიგაციო სივიწროვესთან ერთად, გამოიწვია ტრაფიკის 50-60%-ით შემცირება, სადაზღვევო პრემიების კრიტიკული ზრდა და მსოფლიო გადაზიდვების გრაფიკის დესტაბილიზაცია.
მისი თქმით, უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს შუა დერეფნის პროექტის მიმართულებით, ქვეყანა არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მარშრუტის ხერხემალი, განსაკუთრებით იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც სხვა მიმართულებებზე მოქმედებს. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სომხეთთან სტაბილურ და სამაგალითო ურთიერთობებს.
„სამაგალითოა ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია იხელმძღვანელოს, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა და მეზობლობა ერთდროულად“, - განაცხადა მან.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ, მისი თქმით, დაახლოებით 5-ჯერ მეტი ავტომაგისტრალია გაკეთებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. პარალელურად ხორციელდება აეროპორტების გაფართოების, ახალი აეროპორტის აშენების პროექტი.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. პრიორიტეტებს შორისაა ანაკლიის პორტის პროექტი, სადაც განახლდა დაღრმავების სამუშაოები, ასევე რკინიგზის ქსელის მოდერნიზაცია, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის, რომელიც განახლების დასრულების ეტაპზეა.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.