თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ნაქრალას უღელტეხილზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი) აღდგა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კვლავ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე.
ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.