თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე აკრძალვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-146-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზეც (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი). გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზეც ( შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთი). ამავე საავტომობილო გზის 110-146-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.