საქართველოს მთავრობა ძველი დიპლომების აღიარებას ამარტივებს

2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების პრობლემა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გადაიჭრება
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების პრობლემას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომლებსაც აწყდებოდნენ უმაღლესდამთავრებულები დასაქმებისას და დოკუმენტების შეტანისას.
„მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემა, რომელიც 2010 წლამდე დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ის საკითხები, რომლითაც 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლება გათანაბრდება“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, ერთიანი სისტემის არარსებობამ და უმაღლესების აკრედიტაციასთან არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია ის მოცემულობა, რომ სტუდენტები ვერ იღებდნენ სრულ ინფორმაციას თავიანთი პროგრამების სტატუსის შესახებ.
„ამიტომ, იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ჯერ აკრედიტაცია არ ჰქონდათ მინიჭებული, ისინი ამის შესახებ არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს, რიცხავდნენ და შემდგომში, როდესაც დიპლომს გასცემდნენ, უკვე ამ დიპლომებს ექმნებოდათ პრობლემები“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა უნდა მოიწონოს და მხარი დაუჭიროს, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რის გამოც ცალკეული მოქალაქეები მიმართავენ სასამართლოს.
საქართველოში უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება. 2026 წლიდან სახელმწიფო ნერგავს ახალ სისტემას, რომლის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო თავად უნივერსიტეტები უმეტესწილად ვიწროპროფილური გახდება.
ბაკალავრიატის ხარისხის მისაღებად სწავლა 3 წელს გაგრძელდება, ხოლო მაგისტრის ხარისხის - 1 წელიწადს. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა მაგისტრატურაში დამატებით ერთი წელი უნდა ისწავლონ.