თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოში 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 1989 წელს სსრკ–ის თავდაცვის სამინისტროს ძალების მიერ მრავალათასიანი მიტინგის ცრემლსადენი გაზის, ნიჩბებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დარბევის შედეგად მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორისაც უმეტესობა ქალი იყო.
9 აპრილის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს წევრებმა და თბილისის მერის მოადგილეებმა.
საქართველოში 9 აპრილი აღინიშნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე და ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ჰარმონიისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც "სისხლიან კვირასაც" ეძახიან, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხად იქცა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს ეროვნული მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.