ქართველი ხალხის პატივისცემა არ გააჩნიათ - მაჭავარიანი უკრაინაში ადეიშვილის დანიშვნაზე

საქართველოს მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი დააწინაურეს თბილისის მხრიდან მოსალოდნელი კრიტიკის მიუხედავად
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრისა და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლის, ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნა უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხალხის მიმართ უპატივცემულობის დასტურია, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს მიერ ძებნილი ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტი წარმოადგენს უკრაინას ინტერპოლში და ასევე უზრუნველყოფს მისი ვალდებულებების შესრულებას.
„ზურაბ ადეიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ, უკრაინის ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს მათივე ბუნებაზე, როცა სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ასეთ პოზიციაზე დააწინაურეს.
„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარსულს, ეს ყველაფერი მათ ამორალურ ბუნებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი სამწუხაროა. აქამდეც ბევრი ასეთი დაწინაურება ვიხილეთ. თუნდაც მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის მოადგილე დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს, ასევე სააკაშვილი, რომელიც გამოცხადებული კრიმინალია. უკრაინის ხელისუფლების მიმართ ამდენი პრეტენზია სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ვინ არის ადეიშვილი
ადეიშვილმა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა წრის ნაწილი იყო, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, საქართველო 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, შემდეგ კი მოქალაქეობა. 2020 წლიდან ცნობილია, რომ ის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მუშაობს.
საქართველოში ადეიშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე: 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა, 2004 წელს „აკურას“ ქარხნის მითვისება, 2007 წელს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის კობა დავითაშვილის გატაცება და ცემა, 2012 წელს „ქართუ ბანკის“ გაკოტრება და პატიმართა წამების საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება 2012 წელს.
ბრალი აქვს წარდგენილი პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ორგანიზებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში, მოწმეზე ზემოქმედებაში, პირის თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში. ადეიშვილმა დეპუტატის გატაცების ორგანიზებისთვის ყველაზე დიდი სასჯელი მიიღო - ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისა, ადეიშვილს ბრალი წაუყენეს 2007 წელს თბილისში აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ მითვისების, ასევე ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზე.
უფრო მეტიც, 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ადეიშვილი ჩართული იყო საქართველოში გადატრიალების მომზადებისა და ტერაქტის მომზადების საქმეში, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის შესახებ ფოთის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაიამ საქმეზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.