თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.
„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავს. ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვეა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა კი კარში დარტყმაც ვერ შეძლეს. მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ჰქონდა – მე-11 წუთზე დეზირე დუეს დარტყმული ვერ მოიგერია, თუმცა შემდეგ გუნდი სამჯერ გადაარჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე ტაიმში გაიბრწყინა – 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დაწყებული კონტრშეტევა თავადვე განავითარა, მცველსაც და მეკარესაც გაცდა და „პსჟ"-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება – „ლივერპული“ „პსჟ“-ს „ენფილდზე“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.