თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სენდაიში ქართული კომპანიების პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით წარსდგა.
სენდაიში ქართული ღვინის წარდგენას Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, ე.წ. Road Show იაპონიის ქალაქებში (საპორო, სენდაი და ტოკიო) 7-13 აპრილის პერიოდში იმართება.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ავთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. შესაბამისად, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.