გამოცდები-2026: მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოქვეყნდა

საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2026 წლის „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ორ საფეხურიანია: ბაკალავრიატი (3-4 წელი) და მაგისტრატურა (1+1 წელი).
გზამკვლევი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებზე, გამოცდის ფორმატზე, ტესტის სტრუქტურაზე, გამოცდის ჩატარების ვადებზე, შეფასების სისტემასა და იმ წესებზე, რომლებიც მაგისტრანტობის კანდიდატმა გამოცდის ჩაბარებისას უნდა დაიცვას. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია სამაგისტრო პროგრამების ჩამონათალი უნივერსიტეტების მიხედვით.
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აპლიკანტებს შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი, ასევე დაასრულონ დაწყებული რეგისტრაცია.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს. საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სამაგისტრო გამოცდა ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა.
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატმა გადალახა მინიმალური ზღვარი ოთხიდან მინიმუმ სამ კომპონენტში. ცალკეული სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში ოთხივე კომპონენტში მინიმალური ზღვარის გადაჭარბებაა საჭირო.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარდა, უმაღლესი დაწესებულების მიერ დაწესებული გამოცდის/გამოცდების ჩაბარებაა.
საერთო სამაგისტრო გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს, ხოლო შიდა გამოცდებს - შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.
შიდა გამოცდის ჩაბარების მსურველმა განაცხადი შესაბამის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უნდა შეიტანოს.
2026 წლიდან სახელმწიფო ნერგავს ახალ სისტემას, რომლის თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო თავად უნივერსიტეტები უმეტესწილად ვიწროპროფილური გახდება.
ბაკალავრიატის ხარისხის მისაღებად სწავლა 3 წელს გაგრძელდება, ხოლო მაგისტრის ხარისხის - 1 წელიწადს. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა მაგისტრატურაში დამატებით ერთი წელი უნდა ისწავლონ.