საქართველოში უცხოური გრანტის ცნება ფართოვდება

„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას დაიწყებს, რომელიც აზუსტებს გრანტის ცნებას და ზღუდავს შესაბამისი ნორმების გამოყენებას საელჩოებსა და საკონსულოებზე.
რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
ცვლილებების თანახმად, გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აღნიშნული ნორმების მოქმედება არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებზე.
„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.