საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს

წელს სამართალდამცველებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის ათასზე მეტი მოქალაქე გააძევეს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქვეყნიდან თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 97 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უწყების ცნობით, წელს საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობა უკვე 1000 პირს აჭარბებს, რაც გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უპრეცედენტო შედეგს წარმოადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება.
ხელისუფლებამ შრომითი მიგრაციის დარეგულირების მიზნით კანონმდებლობაც გაამკაცრა. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა სჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ასევე ძალაში შევიდა შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე. კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ბრძოლა არალეგალების წინააღმდეგ
გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტების პაკეტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.
მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნიდან 1311 უცხოელი მოქალაქე გააძევა - აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება 2014-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას.
უწყების მონაცემებით, გაძევებულ უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქე იყო. გასულ წელს საქართველოდან ჯამში ინდოეთის 269 მოქალაქე გააძევეს.
გაძევებული უცხოელების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთია. ამ პერიოდში საქართველოდან თურქეთის 176 მოქალაქე გააძევეს. მესამე ადგილზე ირანია - 157 მოქალაქე.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანის 39, სომხეთის 26 და რუსეთის 73 მოქალაქე გააძევეს.