პრემიერი: საქართველო მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ორმხრივი რეჟიმი იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველო იმედოვნებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რეგიონში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე.
გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ორმხრივი რეჟიმი იმოქმედებს.
„საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეესკალაციას და წაახალისებს დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - დაწერა კობახიძემ.
28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩია.