პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი - მთავრობის დამსახურებაა

მთავრობის სხდომაზე კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას წარმატებით ახერხებს, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8,8%, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ - 8,4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. ასევე, გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ზრდამ 7,5% შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი 104,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ჩვენმა ეკონომიკამ პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა 2012 წლის მონაცემებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით ოთხჯერ ნაკრები იყო და 28 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამჟამად კი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 38,1 მილიაარდ დოლარს აღწევს.
„ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში (2021-2025 წლებში) ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოლდოვას ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მლრდ დოლარზე მეტით.
„ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.