ნატო, ევროკავშირი თუ ნეიტრალიტეტი? პოლიტიკოსები უსაფრთხოების სტრატეგიაზე დავობენ

საქართველოს რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში ეროვნული უსაფრთხოების რადიკალურად განსხვავებული სტრატეგიები წარმოადგინეს
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხი კვლავ პოლიტიკური დისკუსიის ცენტრში აღმოჩნდა: დებატების დროს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გააჟღერეს საპირისპირო მიდგომები – ნეიტრალიტეტიდან ნატოსა და ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციამდე.
ნეიტრალიტეტი
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სამხედრო ალიანსში მონაწილეობა ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია.
„შემდეგშიც და მომავალშიც, საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა“, – განაცხადა გიორგობიანმა „პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, მსოფლიომ ტრანსფორმაციის ეტაპი უკვე გაიარა, შეცვლილი ძალთა ბალანსის პირობებში კი საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საკუთარი ადგილის დამოუკიდებლად განსაზღვრა რთულ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთან, მისი შეფასებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონისთვის შესაძლებლობების ფანჯარას ქმნის.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ისეთი რეგიონული მოთამაშეები, როგორებიცაა თურქეთი და ირანი, ასევე გლობალური სახელმწიფოები — რუსეთი, აშშ და ჩინეთი — ფარდობითი ბალანსის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ფონზე სამხრეთ კავკასიამ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩათვლით, შეიძლება შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია.
მისი აზრით, საქართველოს მომავალი მდგომარეობა დამოკიდებული იქნება დიდ სახელმწიფოებს შორის გავლენის ახალი სფეროების ჩამოყალიბებაზე. ამ პირობებში კი ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი.

„ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს, უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ნეიტრალიტეტი, როგორც გვქონდა შენარჩუნებული ნეიტრალიტეტი უკრაინის ომში და როგორც გვაქვს ახლა, ირანის თავს დამტყდარი ტრაგედიის შემთხვევაშიც. ეს ნეიტრალიტეტი მოგვცემს საშუალებას, გავაკეთოთ სწორი პოზიციონირება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი მიდგომები, როგორც სავაჭრო, ისე ეკონომიკური“, -განაცხადა გიორგობიანმა.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერსპექტივაში ქვეყანამ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი უნდა განიმტკიცოს. მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და მხოლოდ შვეიცარიის მაგალითით არ შემოიფარგლება.
ალიანსების წინააღმდეგ
პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის შესახებ ჩანაწერი უნდა ამოიღონ. მისი თქმით, აღნიშნული ნორმა ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი არ არის და, პირიქით, რისკებს ზრდის.
„ობიექტური გარემოებები ისე ლაგდება, რომ ჩვენ ნატოში გაწევრიანებას ვერ შევძლებთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია. ეს ჩვენი ინიციატივაა და ამ საკითხზე მსჯელობა და მოქმედებები უკვე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მახარაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს აგებული.
„ერთადერთი სწორი მიდგომაა– საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ეს არის უნივერსალური პრინციპი“, -აღნიშნა მახარაძემ.
საერთაშორისო ვითარებაზე საუბრისას, მახარაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკა ძალთა ბალანსით განისაზღვრება, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების როლი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება. მისი თქმით, ამ პირობებში საქართველომ ფხიზლად უნდა შეაფასოს, თუ რომელ სახელმწიფოებს შეუძლია რეგიონში სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენის მოხდენა და საკუთარი პოლიტიკა სწორედ ამ ბალანსის გათვალისწინებით ააგოს.
მახარაძის აზრით, მსგავსი მიდგომა ქვეყანას საშუალებას მისცემს, ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში საკუთარი ინტერესები უფრო ეფექტურად დაიცვას.
დასავლეთის მხარეს
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი განსხვავებულ პოზიციას ემხრობა - იგი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა განვითარდეს როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და გააძლიეროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსი.
ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, ალიანსში მონაწილეობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარე საფრთხეების რისკებს მსოფლიოში მრავალრიცხოვანი ომების ფონზე.
„ცხადია, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ვიყოთ დასავლური ოჯახის წევრი. თუ გავხდებით, დაცულიც ვიქნებით და განვითარებულიც. ნატო-ზე უკეთესს თუ მოიგონებენ დასავლელი პარტნიორები, კიდევ უკეთესი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, წამოვიღოთ ყველა ის სიკეთე, რაც დასავლეთს აქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პრივილეგია, რადგან აქვს დამოუკიდებლობა. მისი შეფასებით, სუვერენიტეტის შენარჩუნება სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ქვეყანას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორი ძირითადი გზა აქვს: საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარება ან მოკავშირეების ყოლა. ამასთან, მისი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დამყარება იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც მას საერთო ღირებულებები და ინტერესები აკავშირებს.
ხელისუფლების პოზიცია
ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. თუმცა, ამ გაერთიანებებში გაწევრიანება არა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული, არამედ თავად ორგანიზაციების მზადყოფნაზე მიიღონ საქართველო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა.
„ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გავხდებით თუ არა წევრები – კარი უნდა გაგვიღონ და შიგნით შეგვიშვან. ეს მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის სხვა მუხლებში გათვალისწინებული ძირითადი ღირებულებების ხარჯზე.
უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ნატო რჩება ორგანიზაციად, რომელშიც წევრობა უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს. თუმცა, მისი თქმით, კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს რეალური გამოცდა არ გაუვლია.
„თუ ნატოს წევრი გავხდებით, როგორც დაგვპირდნენ, ეს, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი დაცვა იქნება. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ წევრები. ამჟამინდელ რთულ ვითარებაში ვხედავთ, რომ უსაფრთხოების სხვა საიმედო გარანტიები ფაქტობრივად არ არსებობს“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მზარდი გლობალური არასტაბილურობის პირობებში, საქართველოსთვის უსაფრთხოების ძირითად ფაქტორებად რჩება შიდა მდგრადობა, საზოგადოების ერთიანობა და გაწონასწორებული რეგიონული პოლიტიკა.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.2014 წელს კი უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს.
2024 წელს, ეგრეთ წოდებული პროევროპული პროტესტების დაწყების შემდეგ, ალიანსის ზოგიერთმა ქვეყანამ ქართულ ოპოზიციასთან ერთად მოუწოდა ნატოს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისკენ. ნატოს გენერალური მდივნის 2024 წლის ყოველწლიურ ანგარიშში პირველად არ იყო ფორმულირებები საქართველოსა და უკრაინის ბლოკში ინტეგრაციის გარდაუვალობის შესახებ, რამაც ქართველი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ ალიანსის გაფართოებას მისი საზღვრების მიმართულებით.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აშშ-სა და ნატოს სხვა წევრების მიერ საქართველოს მილიტარიზაციის მცდელობები რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. უფრო მეტიც, მოსკოვის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოებას არ აძლიერებს.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატო მიისწრაფის საქართველოს სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოს და ავანტიურებისკენ უბიძგოს, ხოლო თავად ალიანსი სამხრეთ კავკასიისთვის მავნე ფაქტორად განიხილება.