პოლიციამ 6 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო- ნარკოდანაშულისთვის 3 პირი დააკავეს

დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმაქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
პოლიციის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კგ-მდე „მეფედრონი", 10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე ,,ჰაშიში“, 3 აბი და აბის ნატეხი ,,სუბოტექსი".
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შსს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამეგრელოში 22 წლის უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მის მიერ მითითებული ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.