მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა: გამგეობა განცხადებას ავრცელებს

გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა.
Sputnik
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, შემთხევვის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი 7 აპრილს ჩამოიშალა, დღეს დილით კი საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა.
გამგეობამ შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე გაიყვანა შენობიდან და სასტუმროში დააბინავა - აღნიშნულ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
„წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი“, - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები განხილვის დასრულებამდე, ნებართვის გარეშე დაიწყო.
„აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ.