ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება

საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმის ბულვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი გრძელდება, ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურისა და ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბოლო დღეებში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტის - აღნიშნულ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდათ.
„კვების ობიექტები ბულვარის მწვანე ზონაში იყო განთავსებული და მნიშვნელოვნად არღვევდა რეკრეაციული ზონის ესთეტიკას. სვაჭრო ობიექტი კი იახტკლუბის გვერდით მდებარეობდა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 უსახური და უნებართვო კომერციული ნაგებობა აიღეს, დემონტაჟის სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, ხოლო ამ ეტაპზე ტერიტორიის სრულად მოწესრიგება მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარის და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, პროცესი მიმდინარეობს დადგენილი წესებისა და კანონის სრული დაცვით და იგი მიზნად ისახავს როგორც ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე მოწესრიგებული და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.