თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, კალაძის თქმით, 12-13 აპრილს დაწესდება ცხრა დროებითი მარშრუტი.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12-13 აპრილს ავტობუსები მგზავრებს მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში მოემსახურებიან", - განაცხადა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს - საქართველოში აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, უქმე დღეა. ამ დღეს მოქალაქეები, ტრადიციისამებრ, საფლავებზე გადიან.