თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.
მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და წინასწარ ცნობილ კითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს მხოლოდ ამ კითხვების დაზუსტების უფლება ექნებათ. ინტერპელაციის ფარგლებში სხვა თემებზე კითხვების დასმა დაუშვებელია.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, რომელთა შორისაა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.