შსს: სადიგოვს ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და 3 წლის ვადით შემოსვლის აკრძალვა შეეფარდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ საქმის წარმოება, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, 4 აპრილს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს შეუფარდა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.
პოლიციამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლოში წარდგენისა და საქმის დროულად განხილვის მიზნით, 4 აპრილს დააკავა.
„სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.
უწყების განმარტებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ქართული მხარე უარს აცხადებდა მის ექსტრადიციაზე.
ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.