თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის დასაწყისიდან ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 1.870 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულებისთვის ბრალი 756 პირს წარედგინა, თებერვალში - 1.114-ს. ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 1.036-ს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, 77-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, რომ პირი ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ფსიქოტროპულ და ძლიერმოქმედ საშუალებებზეა დამოკიდებული.
იძულებითი მკურნალობამისჯილ პირთა მდგომარეობა სამ თვეში ერთხელ მოწმდება. სასამართლო უფლებამოსილია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ პირის ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის აღნიშნული ღონისძიების გამოყენება.
მკურნალობა შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყდეს, როგორც კი კომისია ჩათვლის, რომ მისი გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.