კობახიძე: დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობა შეუძლებელია

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
Sputnik
თბილისი 5 აპრილი — Sputnik. სახელმწიფოსთვის აუცილებეია იცოდეს, ღირს თუ არა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მუშაობის დაწყება, რადგანაც ამის გარეშე სექტორში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საუბარი ჰიდროელექტროსადგურებზე მიდის, 2800 მგვტ - ეს საპროგნოზო მაჩვენებელია ათწლიან პერსპექტივაში, საიდანაც დაახლოებით 1900 მგვტ სწორედ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა ქვეყნის მზარდი დამოკიდებულება ენერგომომწოდებლებზე. მისი შეფასებით, არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.
„ჩვენი იმპორტზე დამოკიდებულება 29%-ს შეადგენს, თუ ელექტროენერგიას და შესაბამის გაზს ერთად ავიღებთ, რვა თვის განმავლობაში ძირითადად იმპორტზე ვიყავით დამოკიდებულები. ამ თვეების განმავლობაში იმპორტზე დამოკიდებულებამ უკვე დაახლოებით 42%-ს მიაღწია“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა და ეს ტენდენცია ნარჩუნდება.
„იმპორტი იზრდება. თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო დონეს ავიღებთ, რამდენიმე წლის წინ, 2016 წლამდე, ის 5% იყო, ახლა კი 10%-მდე გაიზარდა. თუმცა, თუ ამას ელექტროენერგიის გამომუშავებასთან, ანუ თბოელექტროსადგურებთან დაკავშირებულ გაზის იმპორტს დავუმატებთ, მაშინ დონე კიდევ უფრო მაღალია“, - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება არა მხოლოდ იმპორტს შეამცირებს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის ექსპორტს.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო ელექტროენერგიის მხრივ თვითკმარი გახდეს. არსებობს სხვა ენერგორესურსები - გაზი, ნავთობი - რომლებშიც თვითკმარისობის მიღწევა შეუძლებელია, საამისოდ საჭირო რესურსები არ გვაქვს. თუმცა, ელექტროენერგიის სექტორში ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ სრულიად თვითკმარი გავხდეთ“, - დასძინა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში გეგმავს არა მხოლოდ გააორმაგოს, არამედ 11 500 მგვტ-მდე გაზარდოს ქვეყნის დადგმული სიმძლავრე, რის შემდეგაც საქართველო სრულად დამოუკიდებელი გახდება იმპორტისგან და შეძლებს ელექტროენერგიის ექსპორტს.
მთავრობის გეგმებშია 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს.