თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. უცხოელების საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მთავრობის გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალე ხასიათია, მათ შორის შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნათქვამია 2025 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილმა საქმეებმა გამოავლინა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალე ხასიათი.
შესწავლილი საქმეებიდან, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა კომუნიკაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაც გამორიცხავს პროცედურის ობიექტურ და დამოუკიდებელ კონტროლს, ეს კი მნიშვნელოვნად ასუსტებს ანგარიშვალდებულების მექანიზმებს.
ასევე პრობლემად რჩება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვის გამოყენების პრაქტიკაც.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოში შემოსვლის საკითხის გადაწყვეტისას სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოში შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, რათა არ დაირღვეს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
პრობლემას ასევე სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების არარსებობა წარმოადგენს.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გადაადგილების შესახებ (შესვლა/გასვლა), საქართველოს აპარატის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მიუხედავად, არ ქვეყნდება მონაცემები საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევების შესახებ, მათ შორის, შემოსვლაზე უარის სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით დიფერენცირებული სტატისტიკა.
„სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია მიგრაციის მართვის პოლიტიკის ეფექტიანობის, პროპორციულობისა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის შეფასება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კიდევ ერთ პრობლემას უცხოელების გაძევების საკითხში ხედავს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს გასამმაგდა გაძევებულ უცხოელთა რიცხვი, ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს პროცედურული გარანტიების დაცვით.
„გაძევების გადაწყვეტილება თავისი ბუნებით მოითხოვს თითოეული საქმის ინდივიდუალურ შეფასებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაძლოა არსებობდეს საერთაშორისო დაცვის საჭიროება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ომბუდსმენის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში გაძევების მიზნით დააკავეს 1114 პირი, მაშინ როდესაც დაკავების ალტერნატიული ღონისძიებები გამოიყენეს მხოლოდ 72 შემთხვევაში.
„ეს მიუთითებს, რომ თავისუფლების შეზღუდვა პრაქტიკაში გამოიყენება არა როგორც უკიდურესი, არამედ როგორც ჩვეულებრივი პრაქტიკა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ეფუძნება იმ მიდგომას, რომ თავისუფლების აღკვეთა არ უნდა იყოს პრიორიტეტული ღონისძიება და სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა განიხილოს ნაკლებად შემზღუდველი, ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს საქართველოში უცხოელებისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის მაღალ რაოდენობას და მიუთითებს მიგრაციის ცენტრების გადატვირთულობაზე, სადაც მაძიებლების დიდი რაოდენობა ხშირად იწვევს პრობლემებს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის კუთხით.