თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ დამია-გიურარხიში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია" გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურში, იმერეთის ქუჩა N10-ში კი ინდივიდუალური მეწარმე პესტიციდებს სავალდებულო აღიარების გარეშე ყიდდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
უწყების ცნობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.