ბათუმსა და კაიროს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

დღეისთვის ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo ახალ საჰაერო ხაზზე – კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
კერძოდ, კაირო – ბათუმი – კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა. სააგენტოს განცხადებით, ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.
ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისთვის ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით.