თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
შემთხვევა მარნეულში 2 აპრილს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას 21 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.