თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.
დაკავებულებს საგამოძიებო უწყება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს Aladashvili & co-სა და თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა ჯამშ, 12 ხელშეკრულება.
ხელშეკრულებები შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26,5 მლნ ლარი.
Aladashvili & co-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს "გიდს", შპს "ბადეს" და შპს "ალიონს".
გამოძიებით დგინდება, რომ შპს Aladashvili & co-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.
"კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 მლნ ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3,5 მლნ ლარს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 25, 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.