თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგმა საქართველოს ციხეებში გამოავლინა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის, ასევე სხვა დარღვევების შემთხვევები, ნათქვამია ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ შვიდი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ომბუდსმენის თქმით, ფიქსირდება ციხის თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის, მუქარის და უხეში, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები.
სახალხო დამცველი კიდევ ერთ პრობლემად ასახელებს პატიმრებს შორის ძალადობას, განსაკუთრებით იმ ციხეებში, სადაც ბრალდებულები და მსჯავრდებულები ერთად იმყოფებიან.
„პატიმართა შორის ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და ცალკეულ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ხშირად პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება“, - ნათქვამია ანგარიში.
გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, ციხეებში განთავსების პირობები არ უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულებას სათანადო პირობებში.
„გადატვირთულობა და საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში განთავსება უარყოფით გავლენას ახდენს პატიმრების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას“, - ნათქვამია ანგარიშში.
მისი თქმით, არასათანადო საცხოვრებელი პირობები გამოვლინდა დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დროის უმეტეს ნაწილს საკნებში ატარებენ და სასეირნოდ მხოლოდ ერთი საათით გაჰყავთ.
მონიტორინგმა ასევე გამოავლინა ციხეების გადატვირთულობის პრობლემა.
„ამა წლის დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90,4%- ით იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში174 იყო პატიმრების საერთო (11.153) რაოდენობის 79% (8.795). ამასთანავე, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, რიგ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლინდა პრობლემები სანიტარული ნორმების დაცვის კუთხით, სავენტილაციო სისტემის ფუნქციონირებას, განათებასა და პირად სივრცესთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებია: გასეირნების რაოდენობის გაზრდა, სამარტოო საკანში ყოფნის დროის შეზღუდვა მაქსიმალური ზღვრის დაწესებით, ციხეებში პატიმრებისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა და გადატვირთულობის აღმოფხვრა.
„ყველა პატიმრის სულ მცირე 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად და გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად, შეიმუშაოს მცირე დაწესებულებებზე დაფუძნებული, დაბალანსებული ინფრასტრუქტურის სტრატეგია მომზადებული დოკუმენტი გაუზიაროს სახალხო დამცველის აპარატს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, პატიმრების კვების გადახედვა და ციხეებში სოციალური მუშაკებისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდა.