აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა 30 მარტს დატოვა
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი ცოტნე ანანიძე გახდა, იუწყება "პირველი არხი".
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის კანდიდატურა ფრაქცია "ქართული ოცნებამ" წარადგინა. მას თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა - ანანიძეს კენჭისყრის შედეგად მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს", - განაცხადა ანანიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა 30 მარტს დატოვა - იგი გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.