თბილის, 1 აპრილი - Sputnik. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სოფელ წკერეში ფერდის ჩამოშლის გამო სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის ორი საფლავი დაზიანდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას, თოვლის დნობის შედეგად სოფელ წკერეში დროებით გამაგრებული ფერდი 29 მარტს ჩამოიშალა.
„ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გამაგრება და ტერიტორიის მოწესრიგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ფერდის კაპიტალურ გამაგრებას და ზიანს სრულად აანაზღაურებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით.
საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალ ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.