თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,4 მლრდ ევროს გამოყოფს, ნათქვამია ევროკომისიის განცხადედბაში.
მანამდე, ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივების მოგებიდან უკრაინას დამატებით 80 მლნ ევრო გამოუყო.
„ეს 1,4 მილიარდი ევრო მიემართება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო: უკრაინის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ, 31 მარტს, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან 1,4 მლრდ ევროს ოდენობის მოულოდნელი მოგება მიიღო. თანხა უკრაინას გადაეცემა და ის მეოთხე ტრანში იქნება. მესამე ტრანში უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადაეცა.
უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა რუსეთის სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი გაყინეს, რაც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი ევრო ევროკავშირშია, ძირითადად ბელგიური Euroclear-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლირინგის სისტემის ანგარიშებზეა. ევროკომისიის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების სახით უკრაინას 18,1 მლრდ ევრო გადაურიცხა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული აქტივების გაყინვას არაერთხელ უწოდა ქურდობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ კერძო პირების ფულად სახსრებს, არამედ რუსეთის სახელმწიფო აქტივებსაც ესხმის თავს.