თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
ცვლილების მიხედვით, კანონის გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდებათ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
თუმცა, ცვლილებების თანახმად, 2026 წელს მშობლებს შეეძლებათ პირველ კლასში დაარეგისტრირონ ის ბავშვები, რომლებიც 6 წლის 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გახდებიან. ეს წესი მომდევნო წლებზე არ გავრცელდება.
თებერვლის ბოლოს პარლამენტში 500-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია შევიდა. პეტიციის ავტორებმა ხელისუფლებას საკითხის გადაჭრის ორ გზა შესთავაზეს - მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვებისთვის მიეცათ ან ამ ბავშვების მზაობა შეეფასებინათ და პირველ კლასში ჩარიცხვაზე გადაწყვეტილება შეფასების საფუძველზე მიეღოთ.
თუმცა, მაშინ როგორც განათლების სამინისტრომ, ისე პარლამენტის განათლების კომიტეტმა დასმულ საკითხზე განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
სიახლეები ახალი სასწავლო წლიდან:
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში სასკოლო განათლების რეფორმის საფუძველი გახდება. ცვლილებები პირველკლასელების რეგისტრაციასაც შეეხო. კერძოდ:
2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. აქამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, რომლებსაც ექვსი წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებოდათ.
2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით.